Thursday, September 10, 2009

ობამა: დადგა დრო, როდესაც ვაშინგტონმა საზღვარგარეთ ნაკლებად უნდა იაქტიუროს

huffington-post-logo1

დაგ ბენდოუ

პრეზიდენტი ბარაკ ობამა აირჩიეს იმიტომ, რომ ის იმის გაკეთებას გვთავაზობდა, რის გაკეთებასაც პრეზიდენტობის ყველა სხვა თანამედროვე კანდიდატების უმრავლესობა გვთავაზობს, ანუ მეტის.

მისი საერთაშორისო გეგმები სტანდარტული ჩამონათვალისგან შედგებოდა. აშშ-მ უნდა განამტკიცოს ალიანსები, დააშინოს მტრები, გადაწყვიტოს კრიზისები, გამოასწოროს კონფლიქტები, დაიცვას მეგობრები, ჩაატაროს მოლაპარაკებები, შეაკავოს ომები, შეერკინოს სნეულებებს, გაავრცელოს კეთილდღეობა და ა.შ.

ჩვეულებრივ ასეთ ამოცანებს დასასრული არა აქვს და წარუმატებლობების ნუსხა ისეთივე გრძელია, როგორც დასახული მიზნების. პრეზიდენტები ისე სტოვებენ ოფისს, რომ მრავალჯერადი იმედგაცრუების საბაბს იძლევიან, არღვევენ უამრავ დაპირებას, ითხოვენ ექსტრაორდინალურ დანახარჯებს და ქმნიან შემთხვევითი ომების მიზეზებს.

თუ წინამორბედების მაგალითებს გაკვეთილად არ მიიღებს, მაშინ როგორც სჩანს ობამა, ამ მოდელის გამეორებას აპირებს. პასუხი მარტივია, თუმცა პარადოქსული: მან უფრო ნაკლები უნდა აკეთოს.

ბარაკ ობამამ ოფისი ამბიციური საგარეო პოლიტიკური გეგმებით დაიკავა. პრეზიდენტს მისი არჩევისადმი საერთაშორისო საზოგადოების პოზიტიური გამოხმაურება უმაგრებდა ზურგს. ვერავინ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ის თავისი არაპოპულარული, კონფრონტაციული წინამორბედისგან განსხვავდებოდა. ამ ბოლო წლებში პირველად, მთელს მსოფლიოში ამერიკის ადმინისტრაციისადმი ოპტიმისტურმა განწყობებმა დაისადგურა.

მაგრამ პრეზიდენტი საკმაოდ მალე აღმოჩნდა იმ შეზღუდვების პირისპირ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოსაც კი წინ ეღობება. ვაშინგტონი, ისევ და ისევ ვერ აღწევდა დასახულ მიზნებს. ზოგიერთ შემთხვევებში შედეგი იგვიანებდა ან გაღებული საფასური ზედმეტად დიდი იყო. სხვა შემთხვევებში წარმატება ნაკლებად სავარაუდო, ან თითქმის შეუძლებელი ჩანდა.

ადმინისტრაციის დღევანდელი უმაღლესი პრიორიტეტი ალბათ ავღანეთია, მაგრამ სამხედრო მდგომარეობა ისევ რთულდება და სამხედრო მეთაურები ძალის დამატებას ითხოვენ. საჰაერო ბრძოლები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს ამრავლებს და ძირს უთხრის მოკავშირეთა მხარდაჭერას. ნარკოვაჭრებზე თავდასხმები, რომელიც სულ უფრო ფართოვდება, მეამბოხეების მხარდაჭერის განმტკიცების რისკს შეიცავს. კარზაის მთავრობის სანდოობა, რომელიც კორუფციისა და არაკომპეტენტურობის გამო ისედაც დაბალი იყო, ბოლოდროინდელი გაყალბებული არჩევნების ფონზე კიდევ უფრო დაღმასვლით წავიდა. პრეზიდენტი ობამა სულ რაღაც 8 თვეა, რაც ოფისშია და ისე სჩანს, რომ ის ლინდონ ჯოსნონის ვიეტნამურ კვალს მიჰყვება.

ერაყში თამაშის დასრულება, როგორც სჩანს, სულ უფრო ჩიხში შედის და ისიც საკუთესო შემთხვევაში. ძალადობა შემაშფოთებლად მაღალ დონეზე რჩება: დაბომბვების ამ ბოლოდროინდელმა ტალღამ უსაფრთხოების ძალების სისუსტეს, პოლიტიკური შერიგების ლიმიტებს და სამომავლო საფრთხეებს გაუსვა ხაზი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაღდადი ან ლიბერალური დემოკრატია იქნება ან ამერიკის მოკავშირე. ობამას ადმინისტრაციას სხვა აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ შეამციროს აშშ-ს ჯარების რაოდენობა და დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

ობამას ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ბუშის ადმინისტრაციისგან ის იყო, რომ მთავრობამ ამერიკის მტრებთან დალაპარაკების სურვილი გამოხატა, მაგრამ მერე ირანის გაყალბებული არჩევნებისა და ქუჩის შემდგომი საპროტესტო აქციების გამო ვითარება გართულდა. იმის გამო, რომ ვერ გადაწყვიტა რა იქნებოდა უფრო გონივრული, სიჩუმე თუ კრიტიკა, ადმინისტრაცია არაეფექტურად და დაბნეულად გამოიყურებოდა. იმ დროს, როდესაც კონტაქტები ჯერ კიდევ შესაძლებელია, და თუ სიმართლეს ვიტყვით აუცილებელიც, ვაშინგტონს მიაჩნია რომ რთულია მოლაპარაკება ირანის მთავრობასთან, რომელიც ახლახანს დემონსტრანტებს თავს უტეხდა ქუჩებში და დღესაც სასამართლოებში სტალინის ყაიდის საჩვენებელ პროცესებს ატარებს.

ადმინისტრაციის უახლოეს გეგმებში ჩრდილო-კორეა არ შედიოდა, მაგრამ "ძვირფას ლიდერს" კიმ ჯონგ ილს, გაუჩნდა ახალი იდეები: ბირთვული იარაღის გამოცდა, რაკეტების სროლა და ორი ამერიკელი ჟურნალისტის დაპატიმრება. ფხენიანი ახლა მოლაპარაკებების ჩატარების წინადადებით გამოდის, რაც პრეზიდენტ ობამას რომელიც შეურიგებლობის გამო თავის წინამორბედებს სასტიკად აკრიტიკებდა, რთულ მდგომარეობაში აყენებს - ექვსი ქვეყნის მოლაპარაკებათა ფორმატის გარდა, სხვა სახის კონტაქტებზე უარის თქმით, ის პროცედურას პრინციპებზე მაღლა დააყენებს, თუმცა მაინც უცნობია, იქნება თუ არა მისი მმართველობის დროს ნებისმიერ ფორმატში ჩატარებული მოლაპარაკებები უფრო ეფექტური, ვიდრე ეს მანამდე იყო.

მის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ტკბილმა სიტყვებმა მოსკოვის განწყობებზე შეზღუდული გავლენა მოახდინა, რადგან ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატო-ში. აქამდე ადმინისტრაციის ძალისხმევამ ამ ორ ქვეყანაში უკეთესი მმართველობისთვის შეეწყო ხელი და ამ რესპუბლიკებში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტმა მცირე ეფექტი იქონია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერც გასული წლის სამხედრო მარცხმა და ვერც მზარდმა შიდა პოლიტიკურმა არეულობამ ვერ მოდრიკა. კიევში პოლიტიკური ცხოვრება საპნის ოპერის დონეზეა და ამერიკის ფავორიტი, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მომავალი წლის არჩევნებში ხელის ცეცებით მიიკვლევს გზას დამარცხებიკენ.

თუ ევროპის უდიდეს ნაწილში პრეზიდენტ ობამას პოპულარობას გავითვალისწინებთ, ეს კონტინენტი მზარდი კოოპერაციის სივრცედ უნდა იქცეს, მაგრამ როგორც ევროპის კავშირის წევრებმა, ევროპელებმა არ გაითვალისწინეს მისი რჩევა და არ დახარჯეს ორგიასტული ოდენობის თანხები ეკონომიკის სტიმულირების სახელით. როგორც ნატო-ს წევრებმა ევროპელებმა დაადასტურეს ავღანეთის ოპერაციის მნიშვნელოვნება, მაგრამ უარი სთქვეს საგრძნობლად მეტი სამხედროსა და რესურსების გამოყოფაზე. პირიქით, ბრიტანეთიც კი ჯარის შემცირებაზე ალაპარაკდა, როგორც სჩანს, საერთაშორისო ვერსიას ფილმისა "მარტოდ დარჩენილი ამერიკელი" უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

ვაშინგტონი აგრძელებს თავისი შეჩერებული პროექტის, კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, კოსოვოსი რომლის დამოუკიდებლობაც ნახევრადაა აღიარებული და რომელიც ჩრდილოეთით სერბული უმცირესობის არაღიარებული მოძრაობითაა გახლეჩილი. მაკედონიასა და საბერძნეთს შორის, ასევე კვიპროსთან დაკავშირებული ჯიუტი დაპირისპირება, ბოლო რვა თვის განმავლობაში არ შერბილებულა. მას შემდეგ, რაც პოლონეთი მიესალმა ამერიკის სარაკეტო პროექტში თანამშრომლობას, ის ადმინისტრაციის მიერ გეგმის უარყოფის განზრახვის გამო გაუცხოებულია.

აშშ ვეღარ იქნება წარმატებული ისრაელთან თანამშრომლობის პროცესში. ქვეყანაში, რომელიც ათწლეულების მანძილზე ამერიკიდან უპირობოდ იღებდა ფულს, იარაღს და პოლიტიკურ მხარდაჭერას, დასახლებების გაფართოვების შეჩერების მოთხოვნამ (სწორედ ეს ქმნის მთავარ პრობლემას პალესტინისა და ისრაელის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში), შოკი, მტრული განწყობები და ზიზღი გამოიწვია.

ადმინისტრაციამ თავისი ძალაუფლება და პრესტიჟი პატარა ჰონდურასს დაუკავშირა, მაგრამ ჯერაც ვერ აიძულა ტეგუსიგალპა მანუელ ზელაიასთვის პრეზიდენტობა აღედგინა. პრეზიდენტი ობამა იმით, რომ ზელაიას მარცხის შემთხვევაში, მომავალი დაგეგმილი არჩევნების შედეგების არაღიარებით იმუქრება, რისკის ქვეშ აყენებს უზადო კაცის რეპუტაციას და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს. როგორც სჩანს ადმინისტრაცია, დემოკრატიის გადარჩენისთვის დემოკრატიის განადგურებას გეგმავს.

ამისი თქმა ჯერ ადრეა, მაგრამ ახალმა საგარეო პოლიტიკურმა გუნდმა ვერ მოახერხა კარაკასისადმი უფრო მეგობრული განწყობების შემობრუნება და ოპოზიციური საქმიანობისადმი უგო ჩავესის მჭიდრო მარწუხების შესუსტება. ამერიკის ახალმა და დიდი ხნის დაგვიანებულმა ღიაობამ კუბასთან დიალოგის დაწყებაზე, ვერ დააჩქარა რეფორმები ამ გაღატაკებულ და დათრგუნულ ქვეყანაში.

ჩინეთი და ინდოეთი დღესაც ისევე, როგორც ჯორჯ ბუშის მმართველობისას არ აპირებენ ამერიკის დაჟინებული მოთხოვნის შესრულებას და თავისი ეკონომიკური სისტემების შენელებას იმ მიზნით, რომ შეამცირონ CO2-ის ემისია. იაპონიის არჩევნებმა შედეგად ის გამოიღო, რომ როგორც სჩანს ტოკიო, შეასუსტებს აშშ-ს გეოპოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერას. ეგვიპტის პოლიტიკური ცხოვრება, მიუხედავად პრეზიდენტ ობამას გახმაურებული ვიზიტისა და იქ წარმოთქმული სიტყვისა, ისევ ისეთი კორუმპირებული და ავტორიტარულია, როგორც ყოველთვის.

მოკლედ, მსოფლიო უფრო ნაკლებად დამთმობი და უფრო ნაკლებად მოსურნე აღმოჩნდა იმისა, რომ ამერიკის პრეფერენციებს მოერგოს, ვიდრე ეს პრეზიდენტს ოფისში მისვლამდე ეგონა.

ადმინისტრაციას, თავისი წინამორბედების უმეტესობის მსგავსად, შეუძლია ისევ ალალბედზე იმოქმედოს. პრეზიდენტ ბუშის შემდეგ, რომელმაც უთავბოლოდ დაიწყო უსარგებლო ომი ერაყთან, რომელსაც გამორჩა კორეის სვლა სრულფასოვანი ბირთვული სტატუსისკენ და რომელმაც ზიანი მიაყენა ურთიერთობებს ევროპასთან და რუსეთთან, თუნდაც ის რომ ობამას ადმინისტრაცია ახალ პოლიტიკურ კატასტროფებში არ ჩაერევა, უკვე მისასალმებელი იქნება. ბევრი გიმუშავია, ჯორჯ!

კიდევ ერთი გზა უფრო ინტენსიური ინტერვენციებია. უფრო მეტი ჯარი ავღანეთში, მეტი ნოტაცია საქართველოსა და უკრაინას, მეტი ზეწოლა ისრაელზე, მეტი მუქარა ჰონდურასს, მეტი სანქცია ირანს, მეტი სიჯიუტე ჩრდილო-კორეასთან, მეტი მუდარა რუსეთს, მეტი რჩევა ერაყს. საუბედუროდ, აქედან უმეტესობა არ მუშაობს და მათი ერთობლივი საფასური ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ერთი ან ორი ცალკეული წარმატებით მიღებული მოგება.

ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ის იქნება თუ ნაკლებს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა გარდაუვალია გარკვეულ პროცესებში ჩარევა. მაგალითად აშშ ძალიანაა ჩართული ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში, მაგრამ ვაშინგტონმა თავისი მიზნები უფრო მოკრძალებული უნდა გახადოს. ალ-ქაიდას გაძევებისა და დასუსტების მიზანი მიღწეულია. ქაბულში კარგი მმართველობის დამყარება, ავღანეთის გათავისუფლება ნარკოტიკებისაგან და ამერიკის კულტურის გავრცელება პაშტუნში, რაც არ უნდა ფასეული იყოს ეს, ომად არ ღირს. ვაშინგტონმა იმაზე უნდა იმუშაოს, თუ როგორ დააღწიოს თავი პროცესებს და არა იმაზე, რომ გამოიწვიოს მოვლენების ესკალაცია.

კავკასიაში ნატო-ს ექსპანსია და უფრო ღრმად რუსეთის საზღვრებთან, შეამცირებს და არა განამტკიცებს ამერიკის უსაფრთხოებას. ვაშინგტონი არ უნდა ჩაერიოს ჰონდურასის პოლიტიკურ აურზაურში. იმის ნაცვლად, რომ ისრაელი დატუქსოს თავისი პოლიტიკის გამო, აშშ-მ უნდა შეკვეცოს ისრაელის მთავრობის მხარდაჭერა და კონფლიქტიდან უკან დაიხიოს. კოსოვო არასდროს ყოფილა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მის გამო პროცესებში ჩარევა ღირდეს, აღარაფერს ვამბობ ომზე და ა.შ.

მეორე მსოფლიო და ცივმა ომებმა ამერიკა კვაზი-იმპერიად აქციეს და მუდმივ ინტერვენციულ ომებში ჩართეს. მთავარი კომუნისტური სისტემის სიკვდილმა და ხალხმრავალი წარმატებული დემოკრატიების გამრავლებამ ევროპასა და აზიაში ამერიკას იმის საშუალება მისცა, რომ თავის ტრადიციულ როლს დაუბრუნდეს. პეზიდენტი ობამა ამ შესაძლებლობას უნდა ჩაეჭიდოს და რეალურად შეცვალოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა.

პრეზიდენტი თავისი წინამორბედებივით დამარცხდება, თუ გლობალური საქმეების მიკრო-მენეჯმენტს განაგრძობს. იმისთვის, რომ დადებითი მემკვიდრეობა დატოვოს, ის საპირისპირო მიმართულებით უნდა წავიდეს და ამერიკა იმ მდგომარეობას დაუბრუნოს, რასაც ჯინ კირპატრიკი "ნორმალურ დროში არსებული ნორმალური ქვეყნის" სტატუსს უწოდებდა.

ორიგინალი

Click Here to Read More..